logo
ENG



MDF: ქლიქბაიტები ​რუსული IP მისამართებით და სახელისუფლებო ჯგუფები კარტოგრაფების წინააღმდეგ

01 თებ 202117:49
3 წუთის საკითხავი
 
MDF: ქლიქბაიტები ​რუსული IP მისამართებით და სახელისუფლებო ჯგუფები კარტოგრაფების წინააღმდეგ

მედიის განვითარების ჯგუფმა - მითების დეტექტორმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია გამოავლინა. 

ორგანიზაციის მოკვლევის მიხედვით

28 იანვარს TV Pirveli-ს გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ივერი მელაშვილი იმყოფებოდა. თავისი სტუმრობის ბოლოს ის საზღვრის სადავო მონაკვეთის დადგენის პროცესს შეეხო, ამ მონაკვეთიდან სხვადასხვა მედია საშუალებამ თუ პოლიტიკურმა აქტორმა მხოლოდ რამდენიმე წინადადება ამოჭრა და ფართოდ გაავრცელდა. აღნიშნულ ფრაგმენტში ნახსენებია სიტყვები “როგორ არის შენი, როცა არ არის შენი,” რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მელაშვილი გარეჯის კუთვნილებას სრულად უარყოფს. 

გადაცემის მომდევნო დღეებში ულტრანაციონალისტური და პროსახელისუფლებო ჯგუფების მიერ ამ სიტყვების მანიპულაციურმა, კონტექსტის გარეშე გამოყენებამ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კამპანიური ხასიათი მიიღო, რაც კარტოგრაფების დისკრედიტაციას და მათ სამშობლოს მოღალატებად წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

კარტოგრაფების წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვნენ: 

  • სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები და ფეისბუკ ანგარიშები
  • საჯარო მოხელეები
  • ულტრანაციონალუსტი აქტორები
  • სასულიერო პირები
  • ქლიქბაიტ საიტები, რომელთა IP მისამართები რუსეთშია (მოსკოვი, პეტერბურგი) განთავსებული;
  • კრემლისტური აქტორები.

ვიდეოს ნაწილი სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდებოდა. მელაშვილი სადავო ტერიტორიების საკითხზე საუბარს ქვეყნის ინტერესების დაცვისა და მეზობელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მნიშვნელობის ახსნით იწყებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერო თუ სასულიერო პირების მხრიდან საქმის გახმაურებითა და “აჟიტირებით” მოლაპარაკების შესაძლებლობა შეიზღუდა და ქვეყნის ინტერესები დაზარალდა, აქვე ხნის მოლაპარაკების არსს და ხაზს უსვამს, რომ ის სამართლებრივ სტატუსზე საუბრობს და არა ისტორულზე. 

მელაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა კრემლისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფებისთვის, ისტორიული ტრავმების გაღვივებით, ისრები რუსეთის დღევანდელი ოკუპაციიდან ისტორიულ ოკუპაციაზე გადაეტანათ.

რა თქვა TV პირველის ეთერში ივერი მელაშვილმა?

TV პირველის “რეაქციის” სტუდიის დატოვებამდე ივერი მელაშვილი მიმდინარე გამოძიების პროცესს შეეხო და აღნიშნა: “მთელს ამ საქმეში, მთელს ამ სიბინძურეში ყველაზე დიდი სიცუდე ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება.” წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულია, კარტოგრაფმა დადებითად უპასუხა და განმარტა, რომ თუ ეს პროცესი მართული არ იყო, მაშინ მოლაპარაკების გზას არ გადაუხვევდნენ და გამოძიების საჭიროების შემთხვევაში, მას არ გაახმაურებდნენ, რადგან სწორედ ეს რადიკალიზაცია და პოპულისტური ნაბიჯები ვნებს და აფერხებს მოლაპარაკებებს. 

ივერი მელაშვილი: სამწუხაროდ, მთელს ამ საქმეში, მთელს ამ სიბინძურეში ყველაზე დიდი სიცუდე ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება და მეორე ქვეყანასთან ანუ შენს პარტნიორ ქვეყანას…

ინგა გრიგოლია: ეს მომხვდა ყველაზე მეტად დღეს თქვენ რაც თქვით და ვიდრე თქვენ მობრძანდებოდით, შესავალშიც მქონდა გამოტანილი ანუ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მტრულ რეჟიმში…საზღვრის სადავო ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის, თუმცა მის მისაღებად სწორედ მოლაპარაკებებია საჭირო. მელაშვილი საუბრობს არა ტაძრის ისტორიულ კუთვნილებაზე და ისტორიულ სამართალზე, არამედ დღევანდელი მოცემულობით არსებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე.

რა და როგორ თქვა ივერი მელაშვილმა?

ივერი მელაშვილი: ვაფუჭებთ ურთიერთობას 

ინგა გრიგოლიამიზანმიმართულია ეს თქვენი აზრით?

ივერი მელაშვილი: მიზანმიმართულია იმიტომ, რომ თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში, შეიძლება ამ ყველაფერში გარკვევა. თუნდაც თუ გამოძიების წარმოება გინდა მაინც და მაინც, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება, არიქა, თურმე სადღაც რაღაც გვაქვს, არა ჩვენია. კი არ ამბობ, ეუბნები, რომ მოდი ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია გინდა თუ არა. ეს არის გაფუჭება, ეს ჩათვალეთ, რომ აი, როგორ არის, იცით, მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება ის არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, რაღაც მეორედან და თანხმდები რა, ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს და როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა, ეს ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის შენი? არა გაქვს ამისი საფუძველი არა გაქვს და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და იქ კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია? არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ მოლაპარაკების ის საშუალება, რაც აქამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორს.”

საუბრისას მელაშვილი შეეხო არა მონასტრის ისტორიულ კუთვნილებას, არამედ ტერიტორიის სამართლებრივ დაკანონებას, რაც დღემდე არ არის დადგენილი. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მხარეებს შორის მსჯელობა და მოლაპარაკება შეფერხდება და შეჩერდება, ამით პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. 

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრებიდან, ერთ-ერთი, ბერთუბნის მონასტერი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადავოა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების სამართლებრივი მდებარეობა.

ამ საკითხის განხილვისას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც სამთავრობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს,

განცხადებაში ვკითხულობთ: 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 19 ოქტომბერი“დღესაც, საზღვრის ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩიჩხიტურის სერსა და იქ მდებარე კოშკზე გადის, რაც მრავალ უხერხულობას ქმნის. ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ხსენებული ტერიტორია გარეჯის სამონასტრო კომპლექსითურთ საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს. ეს შეიძლება გადაწყდეს მთავრობათშორისი მოლაპარაკების შედეგად.

ვფიქრობთ, სადავო საკითხის გადასაჭრელად ოთხი ძირითადი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული: 1) ისტორიული, 2) კონფესიური, 3) სამართლებრივი და 4) პოლიტიკური.

ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი, ანექსირებული საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი აზერბაიჯანთან გარეჯის პარამეტრზე არ უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო საზღვრად. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში უნდა დაიკავოს უაღრესად პრინციპული პოზიცია (საქმე ეხება დაახლოებით 500 ჰა სადავო მონაკვეთს).

აკადემიის განცხადების მონაკვეთი, სადაც ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარია ნახსენები, 1929 წლის 18 თებერვალს ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის „გარეჯის ზამთრის საძოვრების და ელდარ სამუხის ზამთრის საძოვრების შესახებ“ მიღებულ დადგენილებას ეხება. ამ დადგენილებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარმა ჩიჩხიტურის სერსა და ცალკე მდგარ კოშკზე გაიარა, რის გამოც უდაბნოს მონასტერი და წამებულის კომპლექსი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

2020 წლის სექტემბერში რუსეთთან დაკავშირებულმა ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა “ახალი” 1: 200 000 მასშტაბის რუკები წარმოადგინა, რუკების არსებობის შესახებ სპეციალისტებისთვის იქამდეც ცნობილი იყო, თუმცა საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენობდა, რადგან ისინი 1929 წლის დადგენილების სამართლებრივ ველში შეიქმნა. ამას ემატება ისიც, რომ მელაშვილის განმარტებით, რუკებს ტექნიკური ხარვეზები აქვს. ამას გარდა, 1996 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებაც ხაზგასასმელია.

1996 წლის 13 ივნისს ორივე ქვეყნის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამთავრობო კომისიის სხდომის ფარგლებში, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთობლივი შეთანხმების ოქმს მოაწერეს ხელი. ოქმის მიხედვით, მოლაპარაკებების პროცესში კომისიები იხელმძღვანელებდნენ არა 1929 წლის შეთნახმებით (ან მის სამართლებრივ ველში შექმნილი რუკებით), არამედ 1938 წლის სასაზღვრო შეთანხმებით. ხოლო დავით ხიდაშელის მიერ მოპოვებულ რუკებში დავით-გარეჯის მონაკვეთი 1937 წელს დაიბეჭდა და შესაბამისად, 1938 წლის შეთანმხებაში არ შედიოდა.  1996 წელს ხელმოწერილი ოქმიდან ირკვევა ისიც, რომ მხარეები დაეყრდნობოდნენ მსხვილმასშტაბიან (1: 500 000) რუკებს, ხოლო 1: 200 000 მასშტაბის რუკები (რომლის დამალვასაც ედავებიან მელაშვილსა და ილიჩოვას და რომელიც დავით ხიდაშელმა მოიპოვა) შეთანხმებაში ნახსენები არ არის. 

აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარის 100% შეთანხმებული არ ყოფილა და უძველესი ქართული ძეგლის  მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მოსაქცევად მოლაპარაკებები დღემდე მიმდინარეობს. სწორედ ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობდა ივერი მელაშვილი “რეაქციაში.” მოგვიანებით თავადვე განმარტა, რომ სხვადასხვაა ისტორიული და სამართლებრივი კუთვნილება და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლის თითოეული ნაწილის დასაბრუნებლად მეზობელ სახელმწიფოსთან სამართლებრივ-პოლიტიური მოლაპარაკება ერთადერთი გზაა და მხოლოდ პოპულიზმით მიზანი არ მიიღწევა. 

ივერი მელაშვილი, 29 იანვარი: “დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის. ამაზე ვერც შემოგვედავება ვერავინ. აქ პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილია გარკვეული საზღვარი. ეს საზღვარი მოქმედებს. თუ ვინმეს მაინცდამაინც პოპულისტური განცხადება უნდა ჩემგან, რა თქმა უნდა, დავიწყებ გულში ხელების ბრახუნს და ვიტყვი, სულ ჩვენია ყველაფერი იქით, ფოილოს ხიდამდე ჩვენია, მაგრამ არის ასე? არ არის. იყო ერთ დროს, კი ბატონო. იყო საზღვარი ფოილოს ხიდზე, არ არის დღეს. ამოვდივართ სამართლებრივად. უნდა თქვა, კი ბატონო, შენია, კულტურული, რელიგიური, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენია, მაგრამ თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო მოლაპარაკებებზე, უნდა მოიქცე სწორად. ზედმეტ და პოპულისტურ განცხადებებს თავი უნდა დაანებო

რომელი ჯგუფები მონაწილეობენ მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმედგ მიმართულ კამპანიაში?

თავდაპირველად ივერი მელაშვილის განცხადების უკონტექსტოდ გავრცელება ულტრანაციონალისტურმა და პროსახელისუფლებო ჯგუფებმა დაიწყეს, მოგვიანებით კი ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებაც გაისმა, მათ შორის ისიც, რომ მათ პროფესიული განათლება არ აქვთ. მიმდინარეობს ილიჩოვას დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, ასევე მელაშვილის დისკრედიტაცია მისი ოჯახური ურთიერთობების შესახებ გავრცელებული ჭორით. 

საჯარო მოხელეები: მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ საჯარო მოხელეებიც, ამის დასადასტურებლად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა 100 სქრინი, სადაც ჩანს, რომ სხვადასხვა რეგიონში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები თავიანთ პირად პოსტებსა თუ კომენტარებში მელაშვილის მოღალეტეობისა და გარეჯის გასხვისების შესახებ იდენტურ მესიჯებს კოორდინირებულად ავრცელებენ.

გასაჯაროვდა ქართული ოცნების აქტივისტის შაკო კუჭაშვილის სქრინიც, სადაც ჩანს, რომ ის ქართული ოცნების სხვა მხარდამჭერებს მოუწოდებს, გაავრცელონ კონკტერული “მარტივი” მესიჯები, მათ შორის “ივერი მელაშვილი არის მტერი,” “ივერი მელაშვილი არის არაპროფესიონალი კარტოგრაფი” და სხვა. 

მელაშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ჭორებს ქლიქბაიტები ავრცელებენ, რომელთა IP მისამართები რუსეთშია განთავსებული 

დისკრედიტაციის კამპანიაში ქლიქბეით საიტიებიც  ჩართვნენ, ntv.geambavi.club,Footbal.ge, wwww.ge, giftsat.ge “ალიას” ავტორის ირა გოგოსაშვილის პოსტს ავრცელებენ, სადაც ივერი მელაშვილის პირად ცხოვრებაზე ჭორებია მოყვანილი. 

ისტორიული ტრავმების გაღვივება - პიროვნული მტრის ხატიდან მეზობელ სახელმწიფომდე

სამთავრობო და სხვა აქტორების დისკრეტაციის კამპანიამ, რომელიც ივერი მელაშვილის ციტატის უკონტექსტოდ გავრცელებას ეყრდნობოდა, ნოყიერი ნიადაგი შექმნა ულტრანაციონალისტი და კრემლისტური აქტორებისთვის არა მხოლოდ კარტოგრაფებისგან შეექმნად პიროვნული მოღალატის ხატი,  არამედ ისტორიული ტრავმების გაღვივებით, მეზობელი სახელმწიფო აზერბაიჯანიც ოკუპანტ ქვეყნად წარმოეჩენათ. კარტოგრაფების თემა წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელიც იყო, როცა რუსეთის ამჟამინდელი ოკუპაციიდან ისრების გადატანა ისტორიულ ოკუპაციაზე ხდებოდა და მკვიდრდებოდა ნარატივი, რომლის თანახმად, არა მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი, არამედ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც. 

იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ლიდერმა ბესარიონ მიქავამ განაცხადა, რომ  “ილჰამ ალიევის აზერბაიჯანი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტია!” მიქავას პოსტი გამოაქვეყნეს კრემლისტურმა გამოცებმა tvalsazrisi.ge-მ და News-front-მა. ტექსტში საუბარია ჰერეთის ანექსიასა და თურქულ ოკუპაციაზე და თურქეთის ექსპანსიის საფრთხეებზე.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ გამოიყენება “ჰეშთეგი” #აზერბაიჯანიოკუპანტია, ამგვარ პოსტებში ჰერეთის დაკარგვის თემით ისტორიული ტრავმების გაღვივებაც აქტიურად მიმდინარეობს.


close დახურვა